top of page
transparent-mountains.png

გსურს ჩვენთან თანამშრომლობა?

ბლოგი

© 2019-2024 - ყველა უფლება დაცულია

მწვანე თბილისი...

  • Writer: გიორგი კანკია
    გიორგი კანკია
  • Aug 16
  • 2 min read

Updated: Aug 17

ანუ, სად შეიძლება შეაფარო ჩრდილს თავი?



ურბანული გამწვანება


თბილისის გამწვანებასთან დაკავშირებული საკითხები სხვადასხვა სიხშირითა და ფოკუსით, მუდმივად ხვდება საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში. ურბანული ეკოლოგიის პრიორიტეტი, "მწვანე ქალაქის" კონცეფციის სახით, თბილისის 2019 წელს დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაშიც აისახა.
თბილისის მსგავსი ქალაქისთვის, სადაც ღია, საჯარო, მწვანე სივრცეებზე წვდომა შეზღუდული და უთანასწოროა, თითოეული ხეც განსაკუთრებით ღირებულია. ეს გამოიხატება, როგორც მათ მიერ შთანთქმული ნახშირბადის მოცულობით, ასევე თანდმევი სოციო-ეკონომიკური სიკეთით, რაც ჯანდაცვაში დაზოგილ ხარჯებსა თუ ყოველდღიური ცხოვრების ხარისხში გამოიხატება (ალფაიძე, 2022).
ამ მიზნით, ურბანული ეკოსისტემის მართვის ერთ-ერთ ეფექტურ მექანიზმად მიიჩნევა ე.წ. 3-30-300 მიდგომა. ეს გულისხმობს, რომ ურბანულ გარემოში ჰარმონიული თანაცხოვრებისთვის, საცხოვრებლის ფანჯრიდან მინიმუმ სამი ხე უნდა ჩანდეს, უბნის ტერიტორიის მინიმუმ 30% დაფარული იყოს ხის ვარჯით და 300 მეტრის რადიუსში ხელმისაწვდომი იყოს სარეკრეაციო სივრცე (Browning et al., 2024).
მიუხედავად იმისა, თუ რამდენად რეალისტურია ამ კონცეფციის პრაქტიკაში განხორციელება, ეს კონკრეტული ინდიკატორები გვეხმარება გავზომოთ და შევაფასოთ ქალაქის სხვადასხვა არეალი, განვსაზღვროთ სად რა ტიპის და ინტენსივობის ჩარევაა აუცილებელი და საჭიროების მიხედვით დავგეგმოთ კონკრეტული ღონისძიებები.
გამწვანება და ეკოსისტემის მართვა კომპლექსური საკითხია და მრავალი კომპონენტისგან შედგება. ამ შემთხვევაში, ყურადღებას ურბანულ გარემოში ხის ვარჯის დაფარულობაზე გავამახვილებთ.

რა ხდება თბილისში?


თბილისში, მიწის ზედაპირის ტემპერატურის მსგავსად, ხის ვარჯით დაფარულობაც სოციო-სივრცითი უთანასწორობის ანარეკლია. მჭიდროდ განაშენიანებულ გარემოში, მუქი მწვანე ლაქებით ურბანული პარკები ნათლად იკვეთება.
ყოფილი ან/და მოქმედი საწარმოო არეალები გამოირჩევა ხის ვარჯით დაფარულობის მცირე მასშტაბით. მიწის ზედაპირის მზარდ ტემპერატურასთან ერთად, ეს განსაკუთრებით პრობლემურია იმითაც, რომ ბუნებრივი საფარის ნაკლებობის გამო, ვერ ხერხდება ამ ტერიტორიებიდან ჰაერში გაფანტული მავნე ნაწილაკებისა და ნივთიერებების შთანთქმა.

tbilisi land surface temperature map
ხის ვარჯით დაფარულობა თბილისში.
უბნების დონეზე ხის ვარჯით დაფარულობის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ქალაქის მჭიდროდ განაშენიანებულ ნაწილში, 30%-იან მაჩვენებლს თბილისის ცენტრალური, ისტორიული უბნები აკმაყოფილებენ. გასაკვირი არაა, რომ წყნეთისა და კოჯორი-კიკეთის დასახლებებიც გამოირჩევიან ამ მაჩვენებლით.
შესამჩნევი და საგულისხმოა საბჭოთა პერიოდში გაშენებული უბნების განსხვავებული მაჩვენებლებიც. ვაჟა-ფშაველას კვარტლებში (31.24%), დიღმის მასივსა (29.43%) თუ საბურთალოზე (28.97%) მცხოვრებთ, შედარებით მეტი შესაძლებლობა აქვთ ზაფხულის სიცხეს ჩრდილში შეაფარონ თავი, ვიდრე ფონიჭალის (12.83%), დიდი დიღმის (11.55%) თუ მუხიანისა (9.16%) და ვარკეთილის (6.47%) მობინადრეებს.
თბილისის უბნებს შორის, ტერიტორიის ხის ვარჯით დაფარულობის მედიანური მაჩვენებელი 19.02%-ს შეადგენს.
tbilisi districts diagram of land surface temperature
ხის ვარჯით დაფარულობა უბნების მიხედვით.
მოცემული ანალიზის მიხედვით, დღესდღეობით, თბილისში ხის ჩრდილზე ხელმისაწვდომობაც კი უთანასწოროა. ცნობილია, რომ მუნიციპალიტეტმა 2018 წელს გამოსცა განკარგულება, რომელიც ადგენს "მუნიციპალიტეტის ლანდშაფტისა და კლიმატისთვის შესაბამისი" ხე-მცენარეების ნუსხას. იმედს ვიტოვებთ, რომ მისი თანმიმდევრული გამოყენების შედეგად, მომდევნო წლებში, თბილისში, ხის ჩრდილზე მეტნაკლებად თანაბარი წვდომა შეექმნებათ მოქალაქეებს. სოციო-სივრცითი უთანასწორობის ეს ასპექტი დღეს განსაკუთრებით თვალშისაცემია და კლიმატის ცვლილების და თბილისური სიცხეების პირობებში, კიდევ უფრო აუარესებს ქალაქური ცხოვრების ხარისხს მრავალი ოჯახისთვის.


მეთოდოლოგია
თბილისის ადმინისტრაციული საზღვრები დაიყო 1 ჰა ზომის კვადრატებად (100მx100მ), რომლის მიხედვით, ვექტორულ მონაცემებზე დაყრდნობით, გავზომეთ თითოეულ კვადრატში 2 მეტრზე მაღალი ხის ვარჯით დაფარულობის პროპორცია. ანალოგიური მიდგომა გამოვიყენეთ უბნების საზღვრების მიხედვით ანალიზის შემთხვევაშიც.
მონაცემები: High Resolution Canopy Height Maps by WRI and META | 2024
transparent-mountains.png

გსურს ჩვენთან თანამშრომლობა?

bottom of page