ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს 150 000-მდე მოქალაქე ცხოვრობს ლეგალურად
2023 წლის მონაცემებით, ევროკავშირის მასშტაბით, საქართველოს 150 000-მდე მოქალაქე ფლობს ლეგალური ბინადრობის მოწმობას*.
მათი 20%, დაახლოებით, 30 000 ადამიანი, საბერძნეთში ცხოვრობს. მას მოსდევს იტალია, 28 000-მდე ქართველით (19%), შემდეგ პოლონეთი (14% - 20 000), და გერმანია (13% - 19 000). ტოპ ხუთეულს საფრანგეთი ასრულებს, 12%-ით (17 000).
ამ ფონზე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, 2024 წელს საარჩევნო უბნები დაემატა საბერძნეთში, იტალიაშიი, გერმანიაში, ესპანეთსა და ფინეთში. საბოლოო ჯამში, ხმის მიცემა, ევროკავშირის 27-დან, 22 ქვეყნის 29 ქალაქში მცხოვრებ ქართველებს შეეძლებათ.
სავიზო რეჟიმის პირობებში, ევროკავშირში ლეგალურად მცხოვრებ მოქალაქეთა რაოდენობა ყოველწლიურად საშუალოდ 4%-ით იზრდებოდა.
ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, ეს მაჩვენებელი, 13.6%-მდე გაიზარდა, ხოლო, სულ რაღაც ოთხწლიან პერიოდში, ევროკავშირში ემიგრირებულთა რიცხვი, თითქმის ორჯერ გაიზარდა. 2022 წლის ბოლოს, ევროკავშირში, საქართველოს 145 000-მდე მოქალაქე ბინადრობდა, ვიდრე 2018 წელს - 85 000.
განსაკუთრებულად შესამჩნევი ზრდა, პანდემიის პერიოდში შეინიშნება. 2014-2017 წლებში, საქართველოდან ევროკავშირში ემიგრაცია 12.2%-ით გაიზარდა. 2018-2022 წლის პერიოდში, ეს მაჩვენებელი 6-ჯერ გაიზარდა და 69.5% შეადგინა.
საბოლოო ჯამში, 2014-2022 წლებში ევროკავშირში საცხოვრებლად გადასულთა რაოდენობა 447%-ითაა გაზრდილი.* ეს ნიშნავს, რომ მაგალითად, სლოვაკეთში 40-ჯერ მეტი ქართველი გადავიდა საცხოვრებლად, პოლონეთში 10-ჯერ გაიზარდა მათი რიცხვი, ხოლო საფრანგეთში 3-ჯერ. კლება დაფიქსირდა პორტუგალიასა და კვიპროსში.
მონაცემები: Eurostat | 2022
** დანიის შემთხვევაში, მონაცემები არასაკმარისია.
* ისლანდია არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, თუმცა შენგენის ზონის ნაწილს წარმოადგენს. შენგენის ზონის ქვეყნებს მიეკუთვნება ნორვეგია და შვეიცარიაც. მათი მონაცემები ამ ანალიზში არ არის გათვალისწინებული.
ეს ანალიზი მომზადდა პროექტ "FLEXIBLE RESPONSE" ფარგლებში, NEW DEMOCRACY FUND-ის მხარდაჭერით. ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს დონორის პოზიციას.