top of page
transparent-mountains.png

გსურს ჩვენთან თანამშრომლობა?

© 2019-2024 - ყველა უფლება დაცულია

მოსახლეობის აღწერა

არჩევნები და მოსახლეობის საყოველთაო აღწერა


 

შესავალი


2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს დაემთხვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროცესი - მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, რომელიც 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში იყო დაგეგმილი და დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში რიგით მესამე აღწერაა (2002 და 2014 წლების შემდგომ).
მოსახლეობის აღწერა გულისხმობს დემოგრაფიული, სოციალური და ეკონომიკური მონაცემების სისტემატურ შეგროვებასა და ანალიზს დროის განსაზღვრული პერიოდულობით. აღწერის ძირითადი მიზანია მოსახლეობის რაოდენობისა და განაწილების განსაზღვრა, დემოგრაფიული მახასიათებლების გამოვლენა, სოციალურ-ეკონომიკური პარამეტრების გაზომვა.
აღწერის შედეგად მიღებული ინფორმაცია ქმნის მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების შესაძლებლობას. ამ სახის მონაცემები შესაძლოა გამოყენებულ იქნას ისეთი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტისას, როგორიც არის საარჩევნო ოლქების საზღვრების კორექტირება, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა, ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირება, შრომის ბაზრის ანალიზი, ჯანდაცვის საჭიროებების განსაზღვრა და სხვა. ყოველივე კი, საბოლოოდ უზრუნველყოფს რესურსების ეფექტურ გადანაწილებას და მოსახლეობის განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინებას.
საქართველოში მოსახლეობის აღწერას ახორციელებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური - საქსტატი. შედეგები ხელმისაწვდომია საქსტატის საიტზე. 2002 წლის აღწერის შედეგები PDF ფორმატშია გამოქვეყნებული, რაც ართულებს მონაცემების დამუშავებას, ხოლო 2014 წლის აღწერის შედეგები მონაცემთა ბაზის სახით არის წარმოდგენილი, რაც ანალიზის და სივრცობრივი შეფასებისთვის უფრო მოქნილი ფორმატია. მოთხოვნის საფუძველზე, შესაძლებელია საქსტატიდან უფრო დეტალური, სივრცითი ხასიათის მონაცემების მოპოვება სააღწერო უბნების მიხედვით.
2024 წლის აღწერა რამდენიმე ცვლილებას ითვალისწინებდა. მაგალითად, წინასწარი ელექტრონული გამოკითხვა, კითხვარების განახლებული შინაარსი, და ა.შ. თუმცა, ტრადიციული კარდაკარ გამოკითხვის პრინციპი კვლავ შენარჩუნებულია. ზოგადი შეფასებით, არჩევნების შემდგომი დაძაბული გარემოს ფონზე, მოსახლეობაში გაჩნდა დამატებითი კითხვები  პირადი მონაცემების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
მოცემულ ანალიზში, ჩვენ არ განვიხილავთ საარჩევნო და პოსტ-საარჩევნო მოვლენების უარყოფით გავლენას მოსახლეობის აღწერის პროცესზე. თუმცა, ვვარაუდობთ, რომ აღწერის თანხვედრამ მიმდინარე მოვლენებთან, შეაფერხა მონაცემების შეგროვების პროცესი. ჩვენი მიზანია წარმოვაჩინოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღწერის მონაცემები საზოგადოებისთვის საჭირო გადაწყვეტილებების მისაღებად. ასევე, რამდენად მნიშვნელოვანია მონაცემების პერიოდული განახლება, დროითი ანალიზის და შედარების მხრივ. წარმოდგენილი ვიზუალური ანალიზი ეყრდნობა 2014 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებს, მისი შემადგენელი ყველა კომპონენტის მიხედვით. ვიზუალური ანალიზი წარმოდგენილია თბილისის მაგალითზე.

მოსახლეობის განაწილება


მოსახლეობის წერტილოვანი განაწილება, სადაც 1 წერტილი გულისხმობს 1 ადამიანს, კარგად ასახავს ქალაქის განაშენიანებას მოსახლეობის დასახლების მიხედვით. 2014 წლის მდგომარეობით, მოსახლეობის რაოდენობით, ყველაზე დიდი რაიონებია სამგორი და გლდანი. სიმჭიდროვის თვალსაზრისით, გლდანის რაიონი გამოირჩევა. საგულისხმოა რაიონების ფარგლებშივე წარმოდგენილი განსხვავებული სიმჭიდროვე, მაგალითად, ვაკესა და საბურთალოში.
მოსახლეობის განაწილება თბილისში, სააღწერო უბნების და თბილისის რაიონების მიხედვით.
მოსახლეობის განაწილება თბილისში, სააღწერო უბნების და თბილისის რაიონების მიხედვით.

სქესი


საქართველოში ქალების რაოდენობა აღემატება კაცების რაოდენობას. თუმცა, სააღწერო უბნების მიხედვით, მეტობის მაჩვენებლები საკმაოდ განსხვავებულია - რიგ უბნებში ქალების მეტობის მაჩვენებელი 10%-ს აღემატება. გარკვეულ არეალებში კი, 20-30 პროცენტიან სხვაობასაც აღწევს. წარმოდგენილია აგრეთვე უბნები, სადაც მამაკაცების რაოდენობა ჭარბობს. მათგან, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია გლდანის სააღწერო უბანში - 74.2%, რაც სავარაუდოდ აიხსნება მოცემულ სააღწერო უბანში პენიტენციური დაწესებულების არსებობით.
მოსახლეობის სქესობრივი განაწილება თბილისის სააღწერო უბნების და თბილისის რაიონების მიხედვით. რუკის შესაქმნელად გამოყენებულია თემატური რუკის ტიპი - Cartogram.
მოსახლეობის სქესობრივი განაწილება თბილისის სააღწერო უბნების და თბილისის რაიონების მიხედვით. რუკის შესაქმნელად გამოყენებულია თემატური რუკის ტიპი - Cartogram.

ასაკობრივი ჯგუფები


მონაცემები ასაკობრივი მაჩვენებლების მიხედვით წარმოდგენილია მხოლოდ სამ ჯგუფად: 17 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი, 18-დან 64 წლამდე, და 64 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფი; რაც დეტალური ანალიზის საშუალებას არ იძლევა. თუმცა, მოცემულ რუკაზე გარკვეულწილად შესაძლებელია ქალაქის ‘ახალგაზრდა’ და შედარებით ‘ხანდაზმული’ არეალების წაკითხვა.
მოსახლეობის ასაკობრივი განაწილება თბილისის სააღწერო უბნების მიხედვით.
მოსახლეობის ასაკობრივი განაწილება თბილისის სააღწერო უბნების მიხედვით.

შინამეურნეობა


შინამეურნეობის საშუალო ზომა ასახავს საშუალოდ, ერთ შინამეურნეობაში მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობას. თბილისის რაიონების მიხედვით, საშუალო ზომა მნიშვნელოვნად არ განსხვავდება. ასევე, ძირითადად ყველა რაიონი არაერთგვაროვანია და აერთიანებს განსხვავებული კატეგორიის შინამეურნეობებს. თუმცა, სააღწერო უბნების მიხედვით, შინამეურნეობის საშუალო ზომა საკმაოდ მრავალფეროვანია. ქალაქის ღერძი მდინარე მტკვრის გარშემო, გამოირჩევა დაბალი ზომით. განსაკუთრებით, ქალაქის ცენტრალური ნაწილი.
შინამეურნეობის საშუალო ზომა თბილისის სააღწერო უბნების და თბილისის რაიონების მიხედვით.
შინამეურნეობის საშუალო ზომა თბილისის სააღწერო უბნების და თბილისის რაიონების მიხედვით.

მოქალაქეობა


2014 წლის მდგომარეობით, თბილისში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების დიდი ნაწილი ცხოვრობს საბურთალოში, სამგორში, ისანში და ვაკეში. თუმცა, რაიონის მოსახლეობის პროპორციასთან მიმართებაში, ყველაზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე ცხოვრობს ვაკეში, ისანსა და საბურთალოში. 
უცხო ქვეყნის მოქალაქეებში, ყველაზე დიდი წილი მოდის რუსეთზე. თუმცა, მოცემულ მაჩვენებელს თუ შევადარებთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ორმაგი მოქალაქეობით, დავინახავთ, რომ მაჩვენებლები თითქმის მსგავსია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მოცემული რიცხვი მიუთითებს იმ ქართველებზე, ვინც რუსეთის მოქალაქეობა მიიღო რუსეთში ემიგრაციის პერიოდში.
უცხო ქვეყნის მოქალაქეების განაწილება თბილისის რაიონების მიხედვით.
უცხო ქვეყნის მოქალაქეების განაწილება თბილისის რაიონების მიხედვით.

ეთნიკური განაწილება


ეთნიკური განაწილების რუკაზე ნაჩვენებია უპირატესად წარმოდგენილი ეთნიკური შემადგენლობა, სააღწერო უბნების მიხედვით. ფერების დაბალი ტონალობა მიუთითებს ერთგვაროვან განაწილებაზე, რაც გულისხმობს, რომ შესაბამის სააღწერო უბანში ძირითადად ერთი ეთნიკური შემადგენლობაა წარმოდგენილი. ფერების მაღალი ტონალობა კი მიუთითებს მრავალფეროვან ეთნიკურ შემადგენლობაზე კონკრეტულ სააღწერო უბნებში, მიუხედავად რომელიმე ერთი ეთნიკურობის ოდნავ უპირატესობისა. 
როგორც ვხედავთ, თბილისის უმეტეს სააღწერო უბანში ერთგვაროვნად ქართველები არიან დასახლებული. ეთნიკური ქართველები უპირატესად არიან წარმოდგენილი ძირითადად სამ არეალში: ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა კრწანისის სამხრეთ ნაწილში და საბურთალოს მცირე არეალში, ხოლო ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ისნის ცენტრალურ ნაწილში და სამგორის ერთ-ერთ სააღწერო უბანში.
ეთნიკური შემადგენლობის თვალსაზრისით, მოსახლეობის განაწილება მრავალფეროვანია იმ უბნების გარშემო, სადაც უპირატესად ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი მოსახლეობაა წარმოდგენილი.
მოსახლეობის განაწილება ეთნიკური ნიშნით, თბილისის სააღწერო უბნების და თბილისის რაიონების მიხედვით.
მოსახლეობის განაწილება ეთნიკური ნიშნით, თბილისის სააღწერო უბნების და თბილისის რაიონების მიხედვით.

დევნილი მოსახლეობა


2014 წლის მდგომარეობით, თბილისში დევნილი მოსახლეობის საერთო რაოდენობა 81 ათასს აღემატება. აქედან, დაახლოებით 93.1% აფხაზეთიდან დევნილი, ხოლო 5.8% ცხინვალიდან დევნილია. ასევე, წარმოდგენილია მონაცემები მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის შესახებ (1.1%). 
დევნილი მოსახლეობის ყველაზე დიდი რაოდენობა დასახლებულია გლდანის რაიონში, რომელსაც მოსდევს სამგორის, ვაკის და ნაძალადევის რაიონები. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დევნილებით დასახლებული კომპაქტური საცხოვრებელი შენობა-ნაგებობებიც დიდწილად სწორედ ამ რაიონებშია თავმოყრილი. თუმცა, მოცემული საკითხი დამატებით ანალიზს საჭიროებს.
დევნილი მოსახლეობის განაწილება თბილისის რაიონების მიხედვით.
დევნილი მოსახლეობის განაწილება თბილისის რაიონების მიხედვით.

აღმსარებლობა


მოსახლეობის განაწილება უპირატესი აღმსარებლობის მიხედვით იმავე ლოგიკას მიუყვება, რასაც უპირატესი ეთნიკური განაწილების შესახებ რუკა გვიჩვენებს.
ქალაქის უმეტეს ნაწილში მართლმადიდებლური ქრისტიანობის მიმდევრები ჭარბობენ. თუმცა, კრწანისის და საბურთალოს ზოგიერთ უბანში ისლამის, ხოლო, ისნის და სამგორის გარკვეულ არეალებში სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევრების კონცენტრაცია შეინიშნება.
უპირატესად წარმოდგენილი აღმსარებლობა თბილისის სააღწერო უბნების მიხედვით.
უპირატესად წარმოდგენილი აღმსარებლობა თბილისის სააღწერო უბნების მიხედვით.

განათლება და ქორწინება


ქვემოთ წარმოდგენილი ვიზუალიზაცია გვიჩვენებს 10 წელს მიღწეული მოსახლეობის განაწილებას განათლების დონის მიხედვით, და 15 წელს მიღწეული მოსახლეობის განაწილებას ოჯახური მდგომარეობის მიხედვით.
განათლების და ქორწინების მაჩვენებლები წარმოდგენილია სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით. რაიონებს შორის განსხვავებული მაჩვენებლები ძირითადად რაიონის მოსახლეობის პროპორციულია. თუმცა, ვლინდება გამონაკლისებიც. მაგალითად, უმაღლესი განათლების რაოდენობა ყველაზე მაღალია საბურთალოში, რომელიც მოსახლეობის საერთო რაოდენობითაც და 10 წელს მიღწეული მოსახლეობის რაოდენობითაც ჩამორჩება სამგორს, გლდანს და ნაძალადევს. საბურთალოს შემდგომ, უმაღლესი განათლების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ვაკეში, რომელიც ასევე ჩამორჩება სამგორს, გლდანს, ნაძალადევს, საბურთალოს და ისანში, მოსახლეობის საერთო და 10 წელს მიღწეულთა რაოდენობაში. 
პროფესიული განათლების შემთხვევაში, რაოდენობა ყველაზე მაღალია გლდანში და სამგორში, რომელთაც მოსდევს ნაძალადევი და ისანი.
დაწყებითი ზოგადი განათლების მიხედვით, რაიონებს შორის განსხვავება ძირითადად განპირობებულია რაიონის მთლიანი მოსახლეობის პროპორციულად.
მაჩვენებლები ქორწინების სტატუსის მიხედვით, ასევე ძირითადად რაიონის მთლიანი და 15 წელს მიღწეული რაოდენობის პროპორციულია და მნიშვნელოვანი სხვაობები რაიონებს შორის არ იკვეთება.
აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ დასკვნითი ანალიზისთვის, საჭიროა უფრო დეტალური ასაკობრივი მონაცემები.
განათლება და ოჯახური მდგომარეობა თბილისის რაიონების მიხედვით.
განათლება და ოჯახური მდგომარეობა თბილისის რაიონების მიხედვით.

ეკონომიკა, დასაქმება და არსებობის წყარო


მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობა წარმოდგენილია დასაქმებისა და შემოსავლის წყაროების მიხედვით. მონაცემები საკმაოდ დეტალურია და მაჩვენებლების სააღწერო დონეზე დამუშავების შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა.
დასაქმებულთა შორის ყველაზე დიდი წილი დაქირავებით დასაქმებულებს უკავიათ - გლდანში დაახლოებით 47 ათასი.
ამავე რაიონში, თვითდასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირეა - დაახლოებით, 6 ათასი.
ეკონომიკური მდგომარეობა თბილისის რაიონების მიხედვით.
ეკონომიკური მდგომარეობა თბილისის რაიონების მიხედვით.

ჯანმრთელობის მდგომარეობა და შშმ სტატუსი


თბილისში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განაწილება სამ ძირითად კატეგორიადაა წარმოდგენილი: მხედველობის, სმენისა და მოძრაობის შეზღუდვა. ჩუღურეთის რაიონში სამივე კატეგორიის მაჩვენებელი შედარებით მაღალია. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ეს მონაცემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალაქის ინფრასტრუქტურის ადაპტირებისა და სამედიცინო სერვისების დაგეგმვისთვის.
ჯანმრთელობის მდგომარეობა თბილისის რაიონების მიხედვით.
ჯანმრთელობის მდგომარეობა თბილისის რაიონების მიხედვით.

საცხოვრისის ფორმები


მოცემული რუკა წარმოადგენს მოსახლეობის განაწილების ვიზუალურ ანალიზს საცხოვრისის ფორმების მიხედვით. 
კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრისის რაოდენობა ყველაზე მეტია სამგორში (138 ათასი). დაქირავებული საცხოვრისის რაოდენობა ყველაზე მეტია სამგორში (დაახლოებით, 17 ათასი) და გლდანში (14,5 ათასი).
საცხოვრისის სარგებლობის ფორმები თბილისის რაიონების მიხედვით.
საცხოვრისის სარგებლობის ფორმები თბილისის რაიონების მიხედვით.

 

მეთოდოლოგია
2014 წლის აღწერის მონაცემები და შედეგების დოკუმენტური მიმოხილვა ხელმისაწვდომია საქსტატის ოფიციალურ საიტზე. თუმცა, ამ პოსტში გამოყენებული მონაცემები არის უფრო დეტალური და მიღებულია საქსტატიდან, ელექტრონული წერილის საფუძველზე.
დამუშავებული მონაცემები არის სივრცითი ხასიათის. ძირითადად, მონაცემები წარმოდგენილია სააღწერო უბნების საზღვრებში; თუმცა, რიგ შემთხვევებში - თბილისის რაიონების საზღვრებში. შესაბამისად, ვიზუალური ანალიზიც წარმოდგენილია სხვადასხვა სივრცით დონეზე.
უნდა აღინიშნოს, რომ ანალიზისას გამოყენებული ტერმინები პირდაპირ არის აღებული საქსტატის მიერ წარმოდგენილი მონაცემებიდან.

 

ეს ანალიზი მომზადდა პროექტ "FLEXIBLE RESPONSE" ფარგლებში, NEW DEMOCRACY FUND-ის მხარდაჭერით. ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს დონორის პოზიციას.
მეტი დეტალისთვის ეწვიეთ ჩვენი პროექტების გვერდს.

transparent-mountains.png

გსურს ჩვენთან თანამშრომლობა?

bottom of page