ზაფხული თბილისში...
- გიორგი კანკია
- Jul 5
- 2 min read
Updated: Jul 6
სად ცხელა ყველაზე მეტად ივლისში?
მიწის ზედაპირის ტემპერატურა
ზაფხულის დადგომასთან ერთად, უკვე ტრადიციად იქცა, ახალ ამბებში, ევროპის მასშტაბით, სიცხის ტალღების შესახებ ინფორმაციის გაზიარება.
ზაფხულის სიცხე, განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა ქალაქებში და ეს ეფექტი ურბანული სითბური კუნძულის სახელითაა ცნობილი (ინგლ. urban heat island).
სითბური ეფექტის წარმოქმნას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, იქნება ეს ურბანული განაშენიანების ფორმა და სიმჭიდროვე, მიწის გამოყენება, რელიეფი თუ ბუნებრივი მიკროკლიმატი. ასევე მნიშვნელოვანია, თუ რა ტიპის და გამოყენების მიწის ზედაპირს ხვდება მზის სხივები. ზოგადად, მუქი, მყარი, წყალგაუმტარი ზედაპირები, (მაგალითად, ასფალტი თუ ბეტონი) შთანთქავს მზის სიცხეს, ცხელდება და შემდეგ, ირგვლივ, თერმული ენერგიის გამოცემით, გარემოსაც აცხელებს.
სწორედ ამიტომ, მაგალითად, ლოს ანჯელესში 2019 წელს დაიწყეს გზების საფარის თეთრად გადაღებვა, იმ მიზნით, რომ თეთრ ზედაპირს მზის სხივები აერეკლა. მოტიტვლებული და გამომშრალი მიწის ზედაპირი, ასევე ხელს უწყობს სითბური ეფექტის შექმნას.
მიწის ზედაპირის გადახურებას ასუსტებს ბუნებრივი, მწვანე საფარი და ისეთი კლიმატური პირობები, როგორებიცაა ქარი და ღრუბლიანობა. ქარი ფანტავს სითბოს, ხოლო ღრუბელი შთანთქავს და ასუსტებს მზის სხივის ძალას სანამ ის მიწის ზედაპირს მიაღწევს.
აქვე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მიწის ზედაპირის ტემპერატურა, ჰაერის ტემპერატურას, რომელსაც ადამიანის სხეული გრძნობს, საშუალოდ, 10-15°C-ით აღემატება.
რა ხდება თბილისში?
თბილისში მიწის ზედაპირის ტემპერატურის ანალიზი, კარგად წარმოაჩენს ქალაქის განაშენიანების და ზოგადად, ფუნქციური განაწილების ეფექტებს. აქ ნათლად იკვეთება ინდუსტრიული და ურბანული განაშენიანება, პარკები, სატყეო თუ ცარიელი, მოტიტვლებული არეალები.
ეს გვაძლევს შესაძლებობას, აღმოვაჩინოთ ტემპერატურული სხვაობები ქალაქის მასშტაბით.

საინტერესო დაკვირვების საშუალებას იძლევა მიწის ზედაპირის ტემპერატურის დროითი ანალიზიც. 2014-2024 წლებში, ზაფხულობით, ეს მაჩვენებელი, საშუალოდ 2.42°C-ით გაიზარდა დედაქალაქში, რაც ნეგატიურ ეკოლოგიურ ტენდენციაზე მიანიშნებს. როგორც ჩანს, პროგრესულად იზრდება წყალგაუმტარი ან/და გადამხმარი მიწის ზედაპირი, რაც ქალაქის მასშტაბით, (სუბ)ურბუნაზაციის ან/და მიწის დეგრადაციის პროცესებზე მიუთითებს.

უბნების მიხედვით, მიწის ზედაპირის მედიანური ტემპერატურა 42.1°C-ს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ დედაქალაქის უბნების ერთ ნახევარში, ამაზე დაბალი ტემპერატურა ფიქსირდება, ხოლო მეორე ნახევარში მაღალი.
თუკი მდინარით გაყოფილი ქალაქის გეოგრაფიას მივყვებით, აღმოვაჩენთ, რომ მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ზაფხულის მზიან დღეს, საშუალოდ 1.3°C-ით უფრო გრილია, ვიდრე მარცხენა სანაპირო. ქალაქის ამ მხარეს, ურბანული განაშენიანების საზღვრებში, მიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა 42.5°C-ია.
მართალია, ეს ტემპერატურული სხვაობა ზემოთჩამოთვლილი ფაქტორებითაა განპირობებული, თუმცა ეს გარემოება ქალაქის სოციალური თუ პოლიტიკური გეოგრაფიის ანარეკლიცაა [1, 2, 3].
